მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლა

მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე: შეიძლება, მიზეზი ჩინური პროდუქცია იყოს

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა. მეუფე იაკობის თქმით, შესაძლოა, მეუფე შიო ჩინურ პროდუქციასაც მოეწამლა.

"ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მიზეზი ვნახოთ. შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს. ხომ იცით, სათამაშოებზე რაც ხდებოდა. მე არ ვიცი, მის სისხლში რომელი მეტალი იყო აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. მაგრამ, ძალიან ბევრია, საწვავია, ის არის და შეიძლება, ნებისმიერ თქვენგანსაც ჰქონდეს [...] საერთოდ, ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ, დაველოდოთ. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ მას ვიღაც მტერი ჰყავს, ჩემი ვერსია მექნებოდა, მაგრამ, მერწმუნეთ, მას შიგნით, საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია, რაზე უნდა ყოლოდა?". - თქვა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". – დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები