მეუფე შიო

ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. 

დეკანოზი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია. 

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. დაზუსტებით სხვა რამის თქმა დღეისთვის რთულია. 

მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს არის ნორმალური. მუშაობს, პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია, რომ ახლა მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს.

ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი არის, რომ შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავად ყოფნა".-თქვა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 


მთავარმა არხმა 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსაყდრე მოწამლეს. ტაბულა საპატრიარქოს პრესსპიკერ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. "დადასტურებული არ არის". - განაცხადა ტაბულასთან ჯაღმაიძემ. 

მისივე თქმით, საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

კომენტარები