რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს – მედვედევი

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს. ამის შესახებ მედვედევმა ალიანსის სამიტის პირველ დღეზე კომენტირებისას ისაუბრა

"სრულიად შეშლილი დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება". - წერს მედვედევი.

ამასთან, მან უკრაინის წინააღმდეგ კასეტური იარაღის გამოყენებას მხარი დაუჭირა, რადგან მისივე თქმით, უკრაინა ამ ტიპის იარაღს უკვე იყენებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ მოსკოვი იძულებული იქნება გამოიყენოს მსგავსი იარაღი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ იარაღს მიაწოდებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს. კასეტური ჭურვებს კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების ერთსულოვანი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

კომენტარები