რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინას ყირიმსა და რუსეთის ოლქებზე С-200-ებით იერიშის მცდელობაში ადანაშაულებს

С-200-ის სარაკეტო სისტემა კიევში გამართულ პარადზე. 2008 წლის 24 აგვისტო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ უკრაინამ С-200-ის ტიპის გაუმჯობესებული რაკეტებით ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის როსტოვისა და კალუგის ოლქებში მდებარე ობიექტებზე იერიშის მიტანა სცადა.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის მეთაური, ვიქტორ აფზალოვი გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვისთვის წარდგენილ ანგარიშში ირწმუნება, რომ ყირიმისკენ მიმავალი რაკეტის სამიზნე ქერჩის ხიდი, ხოლო როსტოვისკენ მიმავალი რაკეტის კი მოროზოვსკის აეროდრომი იყო. მისივე მტკიცებით, საფრთხე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით უვნებელყვეს. 

ამას გარდა, აფზალოვის მტკიცებით, კიდევ ორი რაკეტის სამიზნე კალუგის ოლქში მდებარე შაიკოვკას აეროდრომი იყო და ისინი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მეშვეობით ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვაში ამბობენ, რომ რაკეტები დასახლებულ პუნქტ ბიტოშში ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

გერასიმოვის ბრძანებით, უმოკლეს ვადაში ობიექტების თავდაცვა საჰაერო დარტყმების წინააღმდეგ უნდა გაზარდონ.

კომენტარები