NATO-უკრაინა

სტოლტენბერგი: ვილნიუსის სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა დადასტურდება

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე შეთანხმდებიან, რომლის მიზანიც უკრაინის NATO-სთან დაახლოებაა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ვილნიუსის სამიტზე ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ჩამოვაყალიბებთ ხედვას მისი მომავლის შესახებ. ველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდებიან სამ ელემენტიან პაკეტზე, რათა უკრაინა ალიანსთან დაახლოვდეს.

პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდებით მრავალწლიანი დახმარების პროგრამაზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. 

მეორე, ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ კავშირებს უკრაინა-NATO-ს საბჭოს შექმნით.

და მესამე, ველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ისინი გაერთიანდებიან იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მიუახლოვდეს უკრაინა ამ მიზანს". - თქვა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების კრიტიკული საჭიროების პაკეტს უკვე დაჰპირდნენ, რაც მოიცავს საწვავს, სამედიცინო მარაგს, განაღმვის აღჭურვილობას და პონტონურ ხიდებს.

"ჩვენ უკრაინას ასევე დავეხმარებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის მშენებლობაში, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალების. დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ტექნიკიდან NATO-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში". - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები