Tbilisi Pride

მუსლიმთა სამმართველო პრაიდის კვირეულზე: ჩვენი ვალია, დავიცვათ საზოგადოება გარყვნილებისგან

"ჩვენი ვალია, დავიცვათ საზოგადოება და მომავალი თაობები ამგვარი უმსგავსოებისა და გარყვნილებისგან, რაც ადამიანის ამქვეყნად მოვლენის არსს სრულებით ეწინააღმდეგება და რომლის გამოც ხვალ გამჩენის წინაშე განვიკითხებით" - საპატრიარქოს შემდეგ, თბილისის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება ავრცელებს. 

"ყველა ზეციურ რელიგიას რწმენის პირობები, პრინციპები, თაყვანისცემის ფორმები და ნორმატიული წესები გააჩნია იმისთვის, რომ დაარეგულიროს ადამიანთა სოციალური ცხოვრება ღმერთისგან ზემოვლენილი ჭეშმარიტების ფარგლებში. სინამდვილეში, ეს ის ელემენტებია, რომლებიც რელიგიას რელიგიად აყალიბებს. ისლამი პასუხობს რა კაცობრიობის ეგზისტენციალურ კითხვებს ღვთაებრივი ჭეშმარიტებით, აწესრიგებს ადამიანურ და სოციალურ ცხოვრებას და მიზნად ისახავს დედამიწის სასიცოცხლო ადგილად გადაქცევას ადამიანური ღირსების შესაფერისად. იმისათვის, რომ კაცობრიობამ მიაღწიოს ამ მიზანს, ისლამს აქვს ძირითადი წესები სიცოცხლის, სინდისის, გონების, საკუთრების, მომავალი თაობის, გარემოს დასაცავად და სხვადასხვა საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამიტომაც მის მიმდევრებს მოუწოდებს ამ წესების სრული მგრძნობელობით დაცვას. ზემოაღნიშნული პრინციპებისა და წესების ფარგლებში ადამიანთა შორის გაუკუღმართებულ კავშირს უდიდეს ცოდვათაგან მიიჩნევს და კრძალავს.

როგორც ყურანშია გაცხადებული, ამ ცოდვის ჩამდენი თემი სრულებით აღიგავა დედამიწიდან: „და ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს: განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე? უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!“ (7/80-81) „ამგვარად, მზის ამოსვლისას საშინელმა ხმამ შეიპყრო ეგენი. ამგვარად, ამოვატრიალეთ ქალაქი თავდაყირა და მათზე გამომწვარი თიხის ქვები გავაწვიმეთ. უეჭველად, ამაში სასწაულებია იმათთვის, ვისაც დანახვა და შესმენა შეუძლია!“ (15/73-75) „აკი, მათ მათმა ძმამ ლუტმა უთხრა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი? უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ. გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით! მე არ გთხოვთ ამისათვის საზღაურს, რამეთუ მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მიბოძებს მე საზღაურს. ნუთუ თქვენ მხოლოდ მამაკაცებისკენ გაგიწევთ ვნება და მიატოვებთ ცოლებს, რომლებიც ღმერთმა თქვენთვის საამისოდ შექმნა? არამც და არამც! თქვენ ადამიანობის ნიშანწყალი აღარ გაბადიათ! მიუგეს: „თუ არ მოიშლი, ერთ-ერთი გაძევებულთაგანი შეიქმნები.“ უთხრა: „უეჭველად, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისთვისაც ამაზრზენია თქვენი ქცევა!“ (26/161-168)" - წერს საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ "ე.წ ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს". მართლმადიდებელმა ეკლესიამ "საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება" მოითხოვა და შესაბამისი მიმართვა მეტეხის ეზოდან, სხვა რელიგიების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად გააკეთა, რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებს.

კომენტარები