რუსული აგრესია უკრაინაში

კრამატორსკის დაბომბვისას დაჭრილი უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა გარდაიცვალა

კრამატორსკის დაბომბვისას დაჭრილი უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული პენცენტრი ავრცელებს. 

ამელინა 27 ივნისს, რუსული სარაკეტო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა. დაბომბვის მომენტში მწერალი კოლუმბიიდან ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად პიცერია Ria Lounge-ში იმყოფებოდა. მასთან ერთად კოლუმბიელი პოლიტიკოსი სერხიო ხარმილიო, მწერალი ექტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი დაიჭრნენ. მთლიანობაში კრამატორსკში 13 ადამიანი დაიღუპა

ამელინა 37 წლის იყო. მის კალამ ორი რომანი და ერთი საბავშვო წიგნი ეკუთვნის. მწერალი ჯოზეფ კონრადის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი იყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამელინა უფლებადამცველ ორგანიზაცია Truth Hounds-ში გაწევრიანდა და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა.

2022 წელს ამელინამ იზიუმში რუსი სამხედროების მიერ შეპყრობილი და მოკლული მწერლის, ვლადიმერ ვაკულენკოს დღიური იპოვა.

კომენტარები