ჩეჩნეთი

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" – კადიროვი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცნობებს ეხმაურება

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა და მისმა მარჯვენა ხელმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა Instagram-ზე გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ისინი გამოეხმაურნენ დაუდასტურებელ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ჩვენ ვცოცხლობთ, მშვიდად ვცოცხლობთ, პურს ვჭამთ. საინტერესოა ცხოვრება, ცხოვრება საერთოდ საინტერესოა ხოლმე, როცა მოკლეა. ამიტომ დიდ ხანს ცხოვრება ისედაც არ გვინდა. მოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება გვექნება". – თქვა კადიროვმა ვიდეოში. 

გასულ დღეებში ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კადიროვისა და დელიმხანოვის მდგომარეობა ცუდად იყო.

ადამ დელიმხანოვი საჯაროდ ბოლოს 14 ივნისს გამოჩნდა. ამ დღეს გავრცელდა ცნობა, თითქოს ის ზაპოროჟიეს ოლქში დაიჭრა, ან მოკლეს. სახელმწიფო ტელეარხი Звезда მაშინ, სახელმწიფო დუმაზე დაყრდნობით, წერდა, რომ დელიმხანოვი დაიჭრა, თუმცა ცოცხალია. შემდეგში მისი დაშავების შესახებ ინფორმაცია უარყვეს დეპუტატებმა ანდრეი კარტაპოლოვმა და ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მათი მტკიცებით, ადამ დელიმხანოვს არაფერი სჭირდა. შემდეგში დელიმხანოვის ფოტო და ვიდეო კადიროვმა გამოაქვეყნა და თქვა, რომ მისი მარჯვენა ხელი არ დაშავებულა.

კომენტარები