კრიმინალი

შვილს მითითებებს აძლევდა, მოქალაქეებს გაშველების საშუალება არ მისცა – POG კასპში დაკავებულზე

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებულ კაცს, რომელმაც 11 წლის შვილს მოუწოდა, 9 წლის ბავშვი ეცემა.  

განცხადების მიხედვით, დაპირისპირების დროს კაცი შვილს მითითებებს აძლევდა და მოქალაქეებს გაშველების საშუალება არ მისცა. 

"არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა". - წერია განცხადებაში. 

კაცი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

კომენტარები