რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდჟეი დუდა დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

ანდჟეი დუდა კიევში. 2023 წლის 28 ივნისი
Marek Borawski/KPRP

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დუდას ვიზიტი უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული. 

ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს პოლონეთის პრეზიდენტი ფრონტზე არსებულ ვითარებას, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ საფრთხეებს განიხილავს.

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარჩინ ფშიდაჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაგეგმილია ლუბლინის სამკუთხედის შეხვედრაც. მისივე ცნობით, პრეზიდენტები რუსეთსა და ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს და NATO-ს მოახლოებული სამიტისთვის მზადების პროცესსაც განიხილავენ.

ლუბლინის სამკუთხედის წევრი უკრაინასა და პოლონეთთან ერთად ლიტვაცაა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კიევში გამოუცხადებელი ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც ჩავიდა. ნაუსედამ ვიზიტის დღეს გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. მისი თქმით, ლიტვამ კიევისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა შეიძინა.

კომენტარები