რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ანდრეი კარტაპოლოვის თქმით, პარლამენტის ქვედა პალატა მუშაობს კანონზე კერძო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დარეგულირებისთვის.
"ვაგნერის ჯგუფის ბედი გადაწყვეტილი არ არის, აუცილებელი არ არის მისი აკრძალვა, რადგან ეს საბრძოლო დანაყოფია და კითხვები არა მებრძოლებთან, არამედ ხელმძღვანელობასთან გვაქვს". - ამბობს კარტაპოლოვი.
კარტაპოლოვის კომენტარი კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაგნერელები თავიანთ პოზიციებს უბრუნდებიან. პესკოვის განმარტებით, მებრძოლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ - თუმცა, ეს შეთავაზება ეხებათ მხოლოდ მათ, რომლებიც სამხედრო არეულობაში არ მონაწილეობდნენ.
რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია". გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.





