კინოცენტრი

ჯგუფი არა: ამ ქვეყანაში ვერაფრის ცენზურა ვერ მოხდება

Tbilisi Open Air / Facebook

"ამ ქვეყანაში ვერაფრის ცენზურა ვერ მოხდება" – Tbilisi Open Air 2023-ის მთავარ სცენაზე ჯგუფი არა კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

Tbilisi Open Air ტრადიციული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან რეგულარულად ტარდება. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერები არიან ტომ ოდელი, Moderat, Kaleo, რეჯი სნოუ, ხოლო ფესტივალის დასკვნით დღეს მთავარი ჯგუფმა არა-მაც დაიკავა.

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა. კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

კომენტარები