პრიგოჟინის ამბოხება

ზურაბიშვილი: იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერს, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, რომ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან. ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს. ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ. ამიტომ, იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერმინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ივნისს საჯარო მიმართვისას. 

კომენტარები