ნიკა გვარამიას შეწყალება

პაპუაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: პრეზიდენტზე დიდი ზეწოლა იყო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტზე დიდ ზეწოლა იყო.

"რაც შეეხება შეწყალებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტზე დიდი ზეწოლა იყო. ეს ჩანდა. ზეწოლა იყო ღიაც და არაღიაც. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა, თუმცა, მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი - ყველა გადაწყვეტილებას თავისი მოტივაცია აქვს და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, შეწყალების მოტივი ვერ იქნებოდა ის, რომ განაჩენი უკანონო იყო, ვინაიდან, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის [...] თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ მასზე ზეწოლა გარედან იყო. ამას საჯაროდაც ვხედავდით. მოწოდებები, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ იყო, რა თქმა უნდა, ესეც ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი და რჩევებს აძლევ, რომელიც, ამ შემთხვევაში არავის ეკითხებოდა, რომ პრეზიდენტს ესა თუ ის გადაწყვეტილება მიეღო. რეაქციებითავც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები