რუსეთი

რუსეთის დუმამ ნასამართლევთა მიერ ჯართან კონტრაქტის დადების შესაძლებლობას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს, 20 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს კრიმინალური წარსულის მქონე მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტი გააფორმონ. 

"სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონს ემატება ახალი წესები, რომლითაც მობილიზაციის, საომარი მდგომარეობისა და ომის დროს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მოქალაქეებთან, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ხელშეკრულების გაფორმება შეეძლებათ ასევე კრიმინალური წარსულის მქონე მოქალაქეებს. გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომელთაც ბრალი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მიუძღვით. მათ შორის არიან ჯაშუშობის, მძევლების აყვანისა და ექსტრემისტული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლით მსჯავრდებულები. 

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც ბრალი ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულში მიუძღვით კონტრაქტის გაფორმებას ვერ შეძლებენ. 

კანონი ასევე ადგენს, რომ მამრობითი სქესის მოქალაქეებს შეეძლებათ დადონ ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის, მიუხედავად მათი რეზერვში ყოფნისა. როგორც სახელმწიფო დუმის თავდაცვის შესაბამისმა კომიტეტმა აქამდე აღნიშნა, "ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ახალი ერთეულების ტერიტორიებზე და არ არიან ჩარიცხულნი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეზერვში, კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხონ სამხედრო სამსახურში".

კანონი ასევე აწესებს ახალ ასაკობრივ ზღვარს სამხედრო სამსახურისთვის იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან ომის დროს. ცვლილებების თანახმად, სამხედრო წოდების მქონე უფროსი ოფიცრებისთვის, მათ შორის, გენერალ-პოლკოვნიკებისა და ადმირალებისთვის, ასაკობრივი ზღვარი 70 წელი იქნება, სხვა სამხედრო წოდების მქონეთათვის კი - 65 წელი.

კომენტარები