ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

მთავარი არხი

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია Facebook-ზე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით და წერს, რომ "შემდეგი გაჩერება" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება.

"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი!

რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.

ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!". - წერს ნიკა გვარამია.

19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები