აშშ-ჩინეთი

ენტონი ბლინკენი სი ძინფინგს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი, 2023 წლის 19 ივნისი
Leah Millis/Pool Photo via AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდა და ამით პეკინში აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებისთვის გამართული ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.

შეხვედრა მოსალოდნელი იყო, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებამდე არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, რომ ის ნამდვილად შედგებოდა.

ხალხის დიდ დარბაზში სისთან გამართული შეხვედრა შესაძლოა ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის მთავარ წარმატებად იქცეს.

სახელმწიფო მედიის, CCTV-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის სი ძინფინგის ნათქვამი, რომ "ორი მხარე შეთანხმდა ჩემსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის მიღწეულ ურთიერთგაგებას მიჰყვეს".

სიმ ასევე თქვა, რომ მხარეებმა "ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზე" პროგრესს მიაღწიეს, რაც "ძალიან კარგია".

"ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობების დასტაბილურებაში". - დასძინა მან.

მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც. მისი თქმით სამხედრო კომუნიკაციის აღდგენაზე, რაც აშშ-ს პრიორიტეტად განიხილებოდა, ჩინეთმა უარი თქვა.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მსგავსი კომუნიკაციები. ეს არის ის, რაზე მუშაობის გაგრძელებასაც ვაპირებთ". - თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ურთიერთობის დასტაბილურების ვალდებულება აქვთ, რადგან ეს აშშ-ს, ჩინეთის და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

მხარეებმა მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს, თუმცა უცნობია შეიცვლის თუ არა რომელიმე პოზიციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტაივანი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა ჩინეთსა და ჰონგ-კონგში, ჩინეთის სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და რუსეთის ომი უკრაინაში.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ოფისის გადაბარების შემდეგ, ბლინკენი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირია, რომელიც ჩინეთს ეწვია. სისთან შეხვედრამდე ის ჩინეთის დიპლომატიური სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლებსაც შეხვდა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

კომენტარები