ირაკლი კობახიძე

"კიბიდან დაგვაგორეს" – კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-ში სტუდენტებს სცემეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

"შიდა სააუდიტორიო სივრცეში შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მანამდე ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს არჩევდნენ, მერე გამოვიდნენ აუდიტორიიდან, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო, ემრე მოვიდა დაცვა, უკვე რომ გვცემეს და გამოგვათრიეს იქიდან. 

ესენი სტუდენტები არ არის, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი, რომ ასეთ შემთხვევაში [დაგვიპირისპირდნენ]". - ამბობს სტუდენტი.   

ტაბულა შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. 

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობახიძეს  რუბლები დააყარეს. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კობახიძის ლექციას სტუდენტები პროტესტით ხვდებიან. რუსული კანონის პროტესტის პარალელურად, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი 11 მარტსაც მოუწყვეს. ოცნების თავმჯდომარე ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. სტუდენტებმა აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერით - "ღალატს ვერ გამოითხოვ!", "მომავალს ვერ წაგვართმევ", გადადებული საქმე ეშმაკისაა". ასევე, აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით - "მტრის არ მგმობი მოღალატეა" და ა.შ.   

კომენტარები