რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი უკრაინაში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობის შესაფასებლად უკრაინაში ჩავიდა

გროსის ვიზიტი 14 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა დიპლომატიური წყაროების მიერ გავრცელდა ცნობები, რომ IAEA-ს გენერალური დირექტორის გამგზავრება უსაფრთხოების ვითარების გამო რამდენიმე საათით გადაიდო. 

ვიზიტის ფარგლებში რაფაელ გროსი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასა და კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად დახმარების პროგრამის წარდგენას გეგმავს. 

"უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და წარვუდგინო ნოვა კახოვკის კატასტროფული წყალდიდობისთვის დახმარების პროგრამა". - დაწერა გროსიმ Twitter-ზე.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე(უკრაინული და რუსული) ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები