რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი უკრაინაში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი Twitter-ზე წერს, რომ აპირებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს და კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად დახმარების პროგრამა წარუდგინოს.

"უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და წარვუდგინო ნოვა კახოვკის კატასტროფული წყალდიდობისთვის დახმარების პროგრამა". - წერს გროსი.

მან ასევე დასძინა, რომ შეაფასებს ვითარებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 

ივნისის დასაწყისში IAEA-მ აღნიშნა, რომ კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების მყისიერი რისკი არ არსებობდა.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები