აშშ-ჩინეთი

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბლინკენი კვირის ბოლოს ჩინეთში ჩავა

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და პეკინსა და ვაშინგტონს შორის საკომუნიკაციო არხების აღდგენის მიზნით ჩინეთში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩავა.

"პეკინში ყოფნისას, მდივანი ბლინკენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალჩინოსნებს შეხვდება, სადაც განიხილავს აშშ-ჩინეთის ურთიერთობის პასუხისმგებლობიანი მართვისთვის ღია საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას". - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩინეთში ყოფნისას ბლინკენი წამოჭრის გლობალურ და რეგიონულ თემებს, რომლებიც ორივე მხარის შეშფოთებას იწვევს და საკითხებს, რომლებზეც ორ ქვეყანას პოტენციურად თანამშრომლობა შეუძლიათ.

ბლინკენის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ცნობები ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ოფიციალურად დაადასტურა.

ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ბლინკენი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი რომელიც ჩინეთს ეწვევა. მისი ვიზიტი თავდაპირველად თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინური საჯაშუშო ბუშტების ჩამოგდების შემდეგ ბლინკენმა ვიზიტი გააუქმა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

სწორედ ამ მცდელობის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ბოლოს ბლინკენი ჩინეთში ჩავა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება. მანამდე კი,13 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც  კოლეგებმა ერთმანეთს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი წუხილები გაუზიარეს.

კომენტარები