აშშ-ჩინეთი

ბოლო ვიზიტის გაუქმების შემდეგ მომდევნო რამდენიმე კვირაში ბლინკენი ჩინეთს ეწვევა – BLOOMBERG

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ბლინკენი ჩინეთში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში უნდა ჩასულიყო, თუმცა აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტის გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მოგზაურობა გადადო. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვიზიტი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

"სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით არაფერია დაანონსებული. როგორც აქამდე ვახსენეთ, ჩინეთში ვიზიტი შედგება მაშინ, როცა ამისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება". - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.

სავარაუდოდ, ბლინკენი თავის ჩინელ კოლეგას და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უნდა შეხვედროდა. 


გასულ კვირას ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე, მიმდინარე კვირის ბოლოს სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

პენტაგონის განმარტებითვე, შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზრდება.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ კანგმა პეკინში აშშ-ს ელჩთან, ნიკოლას ბარნსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურება აუცილებელია. მისივე თქმით, აშშ-მ ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა გამოასწოროს და პატივისცემით მოეკიდოს ჩინეთის პოლიტიკას.  

"უმთავრესი პრიორიტეტი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციაა. თავიდან უნდა ავირიდოთ ნებისმიერი ინციდენტი, არ უნდა მოხდეს სპირალის პრინციპით ესკალაცია. აშშ-ს მხრიდან ცილისმწამებლურმა სიტყვებმა და ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ძნელად მოპოვებულ პოზიტიურ დამოკიდებულებას, დიალოგისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ გაცივდა". - თქვა ცინ კანგმა. 

კომენტარები