სუროგაცია

მინისტრი: ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უანგაროდ უნდა მოქმედებდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დონორებსა და სუროგატებს თანხის მიიღება აეკრძალებათ, ისინი მხოლოდ პროცესთან დაკავშირებულ კომპენსაციას მიიღებენ

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.

[...] იმ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საქართველოს მოქალაქისთვის ისევ შეეძლება, მაგრამ არ შეეძლება უცხოეთის მოქალაქეებისთვის სერვისის გაწევა". – თქვა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სუროგაციასტან ერთად ინვიტრო განაყოფიერებაც იკრძალება.

მინისტრის თქმით, 5 წლის წინ ჯამში სუროგაციითა და დონაციით ბავშვების დაბადების 1 000-მდე შემთხვევა იყო, დღეს წელიწადში 2 000-მდე შემთხვევაა, დამკვეთები კი ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სუროგაციის შესახებ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.

მისივე თქმით, ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება "შემაშფოთებელია", რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვები, შეიძლება, "ერთსქესიან წყვილებს გაჰყავდეთ".

კომენტარები