სუროგაცია

ღარიბაშვილი: გვსურს, ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სუროგაციის შესახებ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.

"ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, არის სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია რეგულაცია არ არსებობს. [...] ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული [სუროგაცია]. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს. უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება". – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება "შემაშფოთებელია", რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვები, შეიძლება, "ერთსქესიან წყვილებს გაჰყავდეთ".

"ონლაინაცაა, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, რომ, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საკითხის რეგულირებაზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა.

კომენტარები