სუროგაცია

გაბუნია: არც სუროგაცია, არც დონაცია არ შეიძლება ანაზღაურებადი იყოს

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დაუშვებელია სუროგაცია ანაზღაურებადი იყოს. მისი აზრით, საქართველოში სუროგაციის, როგორც ბიზნესის სფეროს გაჩენა რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია.

"მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა, თუ რეგულირება რეპროდუქციის სფეროში არ ხდება. დარგმა როგორც კი დაიწყო განვითარება, მაშინვე გახდა ბიზნეს მიმართულება, ყველაზე მეტად კომერციალიზებული მიმართულება მედიცინაში." - ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, საქართველოში სუროგაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმზიდველია, ვინაიდან რეგულაციები არ არსებობს და სერვისი ნაკლები ღირს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ეს. ერთი იმიტომ, რომ შედარებით ნაკლები ღირდა სერვისი, ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო და შედეგები დგებოდა კარგი, მეორე იმიტომ, რომ რეგულაციები არ იყო მაშინ, როდესაც ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს, აქვს მთელი რიგი მოთხოვნები. უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია - მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს ევროდირექტივა. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი უნდა იყოს რეგულირებული. როდესაც არ რეგულირდება, ძალიან დიდი რისკები დგება იმ ახალ სიცოცხლესთან მიმართებაში, რომელიც უნდა გაჩნდეს." - ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, სუროგაცია არ შეიძლება ანაზღაურებადი იყოს. 

"დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. ერთადერთი, რასაც ევროდირექტივა უშვებს, არის კომპენსაცია უხერხულობისთვის, ეს დადგინდება მინისტრის ბრძანებით." - ამბობს გაბუნია.


ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დონორებსა და სუროგატებს თანხის მიიღება აეკრძალებათ, ისინი მხოლოდ პროცესთან დაკავშირებულ კომპენსაციას მიიღებენ

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.


პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სუროგაციის შესახებ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.

მისივე თქმით, ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება "შემაშფოთებელია", რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვები, შეიძლება, "ერთსქესიან წყვილებს გაჰყავდეთ".

კომენტარები