საქართველოს პარლამენტი

GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძის და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:

  • საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;
  • გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს,  რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;
  • გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს.

GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. ახალი წესების თანახმად, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესად სახელდება პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე. 

კომენტარები