რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინს გადაეცით, რომ კონტრშეტევაზე ყველა მეთაური ოპტიმისტურად განწყობილია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალების უკლებლივ ყველა მეთაური კონტრშეტევასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

"მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს სხვადასხვა ფრონტზე ჩვენს მეთაურებთან, მათ შორის, სირსკისთან, ტარნავსკისთან, მოსკალევთან, ნაიევთან, ზალუჟნისთან. ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჰოდა, გადაეცით ეს პუტინს... ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინაში კონტრშეტევითი თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. რა ეტაპზეა, ამას დეტალურად არ განვმარტავ. მე მგონია, რომ ჩვენ ამას ვიგრძნობთ". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად Telegram-არხებსა და პუტინს, როგორც ინფორმაციის წყაროს, არ ენდობოდა.

"ჩვენს სამხედროებს უნდა ენდოთ". - დასძინა მან.  


9 ივნისს პუტინმა თქვა, რომ  უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაწყებულია

"სტრატეგიული რეზერვების გამოყენება უკრაინის კონტრშეტევის დაწყებაზე მიგვანიშნებს". - აღნიშნა პუტინმა. მანვე დასძინა, რომ ამ დრომდე უკრაინის სამხედრო ძალებს წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 

"რაც შეეხება იმ საკითხს, ჩაიშალა თუ არა კონტრშეტევა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით კონტრშეტევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. თუმცა კიევის სამხედრო ძალების თავდასხმითი პოტენციალი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია". - ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტმა სცადა ხაზგასმით აღენიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისი თქმით, ჩვეულებისამებრ კონტრშეტევის დროს დანაკარგების თანაფარდობა 3/1-ზეა, თუმცა უკრაინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ მეტად დრამატულია. 

კომენტარები