რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ირანი რუსეთს დრონების ქარხნის აშენებაში ეხმარება

მოსკოვის აღმოსავლეთით, ასობით კილომეტრში არსებული ლოკაცია, სადაც თეთრი სახლის აზრით დრონების ქარხანა განთავსდება
Satellite image ©2023 Maxar Technologies via AP

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ირანი რუსეთს მოსკოვის აღმოსავლეთით დრონების ქარხნის ასაშენებლად საჭირო მასალებს აწვდის.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ქარხანა, რომელიც რუსეთის ალაბუგას ეკონომიკურ ზონაში შენდება, მომავალი წლის დასაწყისში უკვე ფუნქციური იქნება. თეთრმა სახლმა ასევე გაავრცელა მოსკოვიდან აღმოსავლეთით, რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარე სამრეწველო ლოკაციისთვის აპრილის თვეში გადაღებული სატელიტური ფოტოსურათები. თეთრი სახლში მიიჩნევენ, რომ დრონების ქარხანა სწორედ ამ ადგილას აშენდება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში საჯაროდ გამოთქვა ვარაუდი, რომ შემდგომში იარაღის უკრაინის ომში გამოსაყენებლად თეირანი და მოსკოვი რუსეთში დრონების წარმოების ხაზის აწყობას აპირებდნენ. დაზვერვის ახალი მასალებით კი დგინდება, რომ ქარხნის მოწყობის სამუშაოები რუსეთის თათარსტანის იალბუგას რეგიონში უკვე დაწყებულია.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ კასპიის ზღვის გავლით თეირანი მოსკოვისთვის საბრძოლო დრონების მიწოდებას კვლავ განაგრძობს. მაისის მონაცემებით რუსეთმა ირანისგან უკვე ასობით დრონი და დრონების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მიიღო.

"ეს სრულმასშტაბიანი პარტნიორობაა თავდაცვით სფეროში, რაც აზიანებს უკრაინას, ირანის მეზობლებსა და საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ამ აქტივობების გამოვლენისა და ჩაშლის მიზნით". - აღნიშნა კირბიმ.

ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ გაასაჯაროვა სადაზვერვო მასალები, სადაც დეტალურადაა აღწერილი როგორ ეხმარება ირანი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში.

კომენტარები