რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დატბორილი ხერსონი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ განაგრძობს კახოვკის კაშხლის ნგრევის გამომწვევი მიზეზების კვლევას, თუმცა, რადგან ობიექტს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტებს ეკისრებათ.

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, აშშ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ყველაფერს იზამს.

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ, გულდასაწყვეტია. ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ. 

თუმცა, ამას აღვნიშნავ, რაც გუშინაც ვთქვი - პირველ რიგში, რუსეთს იქ არაფერი ესაქმება. იცით, ეს კაშხალი რუსეთის კონტროლქვეშ იყო და ისინი არიან პასუხისმგებლები ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ასეთ მძიმე დროს უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ". – თქვა ბრიფინგზე თეთრი სახლის სპიკერმა.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები