შვეიცარია

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უკრაინაში იარაღის რეექსპორტზე ცვლილება მიიღო

Getty Images

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც უკრაინაში იარაღის რეექსპორტის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ European Truth-ი შვეიცარიის პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

"ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ სამხედრო აღჭურვილობას, უნდა მიეცეთ უფლება, გარკვეულ პირობებში, განახორციელონ მისი რეექსპორტი შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება 22 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღეს, 4-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

ცვლილების თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ იარაღს, კვლავ მოუწევთ ხელი მოაწერონ დეკლარაციას რეექსპორტის აკრძალვის შესახებ, თუმცა მისი ვადა შესაძლოა 5 წლით შეიზღუდოს. რეექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს და არ იყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ არ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც მესამე ქვეყნებს შვეიცარიული წარმოების იარაღის რეექსპორტის საშუალებას მისცემდა უკრაინაში გასაგზავნად. ზედა პალატის კენჭისყრის შემდეგ კი კანონში ცვლილებებს კვლავ განიხილავენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ შვეიცარიას თხოვნით მიმართა, რომ დაუშვას შვეიცარიული იარაღის კიევში გაგზავნა.

კომენტარები