ხელოვნური ინტელექტი

სუნაკი ვაშინგტონში ვიზიტისას ბაიდენთან AI-ს განვითარებას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი
Leon Neal/Getty Images

მიმდინარე კვირაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავა. შეხვედრაზე სუნაკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და რეგულირებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის, როგორც ამ მიმართულებით ლიდერი ქვეყნის როლის წარმოჩენა იქნება.

სავარაუდოა, რომ სუნაკი ვაშინგტონში განიხილავს ხელოვნური ინტელექტისთვის CERN-ის, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მსგავსი დაწესებულების შექმნას, სადაც მკაცრად კონტროლირებად ეთიკურ და ფიზიკურ გარემოში დარგის სპეციალისტები და მეცნიერები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან შესაბამის კვლევებს ჩაატარებენ.

გარდა ამისა, სუნაკი გეგმავს ბაიდენთან განიხილოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის იდეაც, რომელიც სავარაუდოდ დაფუძნებული იქნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ძირითად პრინციპებზე.

გასულ კვირაში სუნაკმა თქვა, რომ მისი აზრით გაერთიანებულ სამეფოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანი როლის შესრულება შეუძლია. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბრიტანეთი შესაძლოა ახალი მარეგულირებელი ორგანოს მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

პრემიერმინისტრის ოფისში თქვეს, რომ სუნაკი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის, ან მისი რეგულირების ერთ კონკრეტულ მოდელს არ ემხრობა, თუმცა ვაშინგტონში ვიზიტი იდეების საფუძვლიანად განხილვის კარგი შესაძლებლობაა.

შეერთებული შტატების დედაქალაქში ყოფნისას სუნაკი პოლიტიკოსებსა და ბიზნეს ლიდერებსაც შეხვდება. ასევე, Washington Nationals-ის სტადიონზე დაესწრება ბეისბოლის თამაშს.

კომენტარები