ბექა გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ბექა გრიგორიადისი
ტაბულა

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

პროცესის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი თავად ბექა გრიგორიადისმაც გააკეთა. გრიგორიადისის მიიჩნევს, რომ ის სასამართლომ არაფრის გამო დააჯარიმა.

"სუფთა პუტინიზმი დაინერგა საქართველოში [...] არაფრის გამო დამაჯარიმეს და ლაზარეს რას უზამენ? [...] პატრულის წარმომადგენელი გამოიყვანეს, რომელიც იმის გამო, რომ რაღაც თანამდებობაზე ზემოთ აიწიოს, ასეთ ბინძურ რაღაცებს აკეთებს". - თქვა გრიგორიადისმა.

ბექა გრიგორიადისის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ისინი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ბექა გრიგორიადისი 1 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

"როგორც კი დააპირა, რომ კიდევ ერთხელ გაეშალა კარავი, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ გაურკვევლობასა და ჩოჩქოლში დააკავეს და გაიყვანეს ადგილიდან". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გრიგორიადისის დაკავებაზე მთავარ არხთან ინტერვიუში. 

5 დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან კარვის გაშლას ცდილობს, თუმცა, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. 

 

კომენტარები