დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

სუნაკი: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ უკრაინის "კანონიერი ადგილი“ NATO-შია. 

მოლდოვაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დასრულების შემდეგ, რიში სუნაკმა თქვა, რომ "ძალიან პროდუქტიული დისკუსიები" გაიმართა, სადაც არალეგალური მიგრაციის საკითხები და რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებელი გზები განიხილეს.

"ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის". - თქვა სუნაკმა.

სუნაკმა დასძინა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ დარწმუნდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნიან უსაფრთხოების მექანიზმებს უკრაინისთვის. ამიტომ, სუნაკის თქმით, მოკავშირეები ძალიან ძლიერ სიგნალს უგზავნიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

"არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც". - თქვა სუნაკმა.

კომენტარები