ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

პრორუსი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს

პრორუსული პოზიციებით ცნობილმა ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა კოლეგებს მოუწოდა მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს სტატუსი იმიტომ არ მიიღო, რომ საკმარისად ანტირუსული არ იყო.

"გასული წლის ივნისში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. არა იმიტომ, რომ ის არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად ანტირუსული არ იყო". - აღნიშნა უოლესმა.

ამასთან უოლესმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც მისი შეფასებით ადგილობრივი პინოჩეტი იყო და 300 000-ზე მეტი ოპონენტი ჰყავდა დაკავებული. უოლესის თქმით, პარალელურად დასავლეთი აფინანსებს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც განხეთქილების დათესვას ემსახურებიან.

"ვისმენდით, როგორ ითხოვდნენ ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობას. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორის მმართველობას ხელმძღვანელობდა. მათი პინოჩეტი იყო. მის დროს 300 ათასზე მეტი ოპონენტი დაპატიმრებული იყო, ბევრი აწამეს, რამდენიმე კი მოკლეს. 

ამავდროულად, დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში განხეთქილებას თესავენ. როდესაც მთავრობამ სცადა კანონის შემოღება, რომელიც არასამთავრობოების პასუხისმგებლობას დააყენებდა, ევროკავშირი მათ თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს იგივე კანონი წლების განმავლობაში აქვს, ევროკავშირი კი ანალოგიური კანონის მიღებას თავად აპირებს". - თქვა უოლესმა.

ამასთან, უოლესმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ აინტერესებს ომი და მას მშვიდობა სურს. უოლესის თქმით, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს ნება უნდა მიეცეს უცხოური ჩარევის გარეშე აირჩიოს სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება.

"საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება". - თქვა უოლესმა.


მიკ უოლესი, რომელიც მემარცხენე პოპულისტური ხედვებით და პრორუსული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, ევროპარლამენტის წევრი 2019 წელს გახდა. მისი პოზიციები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

2023 წლის იანვარში მიკ უოლესი და მისი თანაპარტიელი, კლერ დელი იმ 19 ევროპარლამენტარს შორის იყვნენ, რომლებმაც ხმა მისცეს იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ლიდერების გასამართლებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და უკრაინულ ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო. რეზოლუციას მხარი 472-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

2022 წლის დეკემბერში კი უოლესმა და დელიმ მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გმობდა. უოლესისა და დელის ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა ირლანდიის მმართველი კოლაციის წევრი პარტიის, Fine Gael-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნილ რიჩმონდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უოლესი და დელი "თავს ირცხვენენ" და რუსულ პროპაგანდას მორიგი ტყუილების გავრცელებაში ეხმარებიან.

"კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ორმა ირლანდიელმა პარლამენტარმა უკიდურესად თავს შეირცხვინა ევროპარლამენტში, როდესაც საქმე ეხებოდა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის სასტიკი ომის დაგმობას. ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ გამოსვლას ტაშს დაუკრავენ პუტინის პროპაგანდისტები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში". - აღნიშნა რიჩმონდმა.

უოლესმა კი კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკის თოჯინაა, თავად კი არც პრორუსია და არც ანტიუკრაინელი.

"არავის მომხრე არ ვარ. არცერთი მთავრობა არ მომწონს. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთი მთავრობაც კი, რომელიც მე მომწონს. პოლიტიკა ჩემთვის დიდი იმედგაცრუებაა". - აღნიშნა უოლესმა.

აღსანიშნავია, რომ მიკ უოლესის პოზიციებს აქტიურად აშუქებეს ქართული სამთავრობო მედია, მისი განცხადებები კი ქართული ოცნების პროპაგანდას ემთხვევა.

კომენტარები