ქართული ოცნება

"NATO-ზე კომენტარმა დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია" – პაპუაშვილის განცხადება TWITTER-ზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს უკრაინაში ომის დაწყებასა და NATO-ში გაწევრიანებაზე Twitter-ზე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სიტყვებმა არასწორი და განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. 

ტაბულა პაპუაშვილის განცხადების თარგმანს სრულად გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერმინისტრის კომენტარებმა NATO-ს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, არასწორი და განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს სიტყვის თქმის უფლება მაშინ, როდესაც საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება და ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას გაგებული. 

ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისა და კრიტიკოსის დამოკიდებულება, რადგან საქართველო უკვე არაერთხელ გახდა უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობის ობიექტი. 

საბჭოთა დროიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იყო: ჯერ რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმით, შემდეგ რუსეთის უშუალო შემოჭრით 15 წლის წინ, შემდეგ ისევ უკანონო ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებითა და მცოცავი ანექსიით.

მას შემდეგ, საქართველო იყო სტრატეგიულად მომთმენი, როგორც ამას ჩვენი დასავლელი მეგობრები გვირჩევდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ვიყოთ გამძლეები, მაგრამ, ამავდროულად ვიყოთ უსაფრთხოების მიმწოდებელი და დავეხმაროთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი სამხედრო პერსონალი შეიყვანა ავღანეთში NATO-ს ოპერაციებში.

იმავდროულად, ოკუპაციის ქვეშ საქართველოს არასტაბილური არსებობისა და მუქარის ყოველდღიური გამოცდილების მიუხედავად, დასავლეთმა კვლავ გაურკვეველი პოზიცია შეინარჩუნა. დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზე იარაღის დე ფაქტო ემბარგო დააწესეს და მალევე რუსეთთან "გადატვირვა" გამოაცხადეს. მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა და მრავალი ევროპული ქვეყნის ეკონომიკა რუსეთის ენერგოსექტორზე დამოკიდებული გახდა. დღემდე, ბევრ დასავლურ ქვეყანას ეშინია, რომ რუსეთის ქმედებებს საქართველოში ოკუპაცია უწოდოს. 

მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყო და რჩება პროდასავლურად,  საქართველოს ახლა, აუხსნელად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის "პრორუსული"! ყველაფერი რაც საქართველომ გააკეთა, იყო  რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სკრუპულოზურად ახორციელებს მრავალი წელია. ეს პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების არდაწესებას და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რომლითაც ჩვენი ხალხის მიმართ უსამართლო სასჯელი გაუქმდა, საპასუხო სანქციების არდაწესებას.

ქართველები უარყოფითად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთ არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას:

პირველი, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, "გაბედულად" იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც NATO-ს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს.

მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებით (თუმცა, არასდროს დავუშვებთ საქართველოს გავლით სსანქციებისთვის გვერდის ავლას). ყველასთვის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, თუმცა რუსეთს ძალიან მცირე ზიანს მიაყენებს. ამის საპირისპიროდ, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობისთვის.

და მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ NATO-სა და ევროკავშირს და ამით გეოპოლიტიკური უსაფრთხოება შეიძინეს (რაოდენ არასრულყოფილიც არ უნდა ყოფილიყვნენ გაწევრიანების დროს), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ. NATO-სა და ევროკავშირში შესვლის მცდელობების მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო გასულ წელს კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებულ სამეულში აშკარა წინამორბედები ვიყავით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ არასათანადო კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევასა და NATO-სა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მოედანზე.


ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი. 

"არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს". - თქვა მან. 

კომენტარები