მარცვლეულის შეთანხმება

ლავროვი: ყველაფერი თუ ისე დარჩება, როგორც ახლაა, [მარცვლეულის] ინიციატივა ვერ იმუშავებს

სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2023 წლის 25 აპრილი.
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, შავი ზღვის ინიციატივა ვერ იმუშავებს, თუ რუსულ სოფლის მეურნეობის ექსპორტთან მიმართებით არაფერი შეიცვლება.

"ყველაფერი თუ ისე დარჩება როგორცაა და როგორც ჩანს, ასეც იქნება, მაშინ იქიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ეს ინიციატივა აღარ იფუნქციონირებს". - აღნიშნა ლავროვმა. 

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

უცნობია, დაკმაყოფილდა თუ არა შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები. კერძოდ, მოიხსნა თუ არა კონკრეტული ტიპის რუსულ პროდუქციაზე სანქციები.

კომენტარები