იაპონია-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მიერ სატელიტის გაშვების მოლოდინში, იაპონია საჰაერო თავდაცვას ამზადებს

REUTERS/Kim Kyung-Hoon

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე იაპონიამ ბალისტიკური რაკეტების სამხედრო არსენალის მობილიზება დაიწყო.

"ნებისმიერი ტიპის რაკეტის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენს ტერიტორიას გადმოკვეთს, განადგურების შესაბამის ზომებს მივიღებთ". - აღნიშნა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა. 

ჩრდილოეთ კორეა იუწყება, რომ სამხედრო სადაზვერვო სატელიტზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისის შუალედში იგეგმება. 

ანალიტიკოსების მოსაზრებით, სატელიტი სადაზვერვო ტექნოლოგიების პროგრამის ნაწილია, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების ტექნიკის განვითარებას ისახავს მიზნად. 

იაპონური მხარე ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ რაკეტების გასანადგურებლად სტანდარტულ SM-3 ტიპის ან Patriot PAC-3-ს გამოიყენებს. 

როგორც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წესების უხეში დარღვევა იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იაპონია პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობას აპირებს. 

ჩრდილოეთ კორეას უკან დახევისკენ მოუწოდებს სამხრეთ კორეაც. 

"მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ უარი თქვას უკანონო გეგმაზე. თუ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს აღნიშნულ საქმიანობას, ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს". - აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სატესტო წვრთნა ჩაატარა, მათ შორის გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, აშშ-ს ნებისმიერ წერტილს შეუძლია დაარტყას. 

იაპონია კორეისგან 2016 წლის მსგავსად სატელიტის რაკეტით გაშვებას მოელის.

ჩრდილოეთ კორეამ აქამდეც სცადა სადამკვირვებლო სატელიტების გაშვება კოსმოსში, რომელთაგან ორი წარმატებით განათავსეს ორბიტაზე. 

კომენტარები