რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი გმობს ლინდსი გრემის სიტყვებს აშშ-ს "საუკეთესოდ დახარჯული ფულის" შესახებ

ლინდსი გრამი კიევში, 2023 წლის 26 მაისი
REUTERS/Alina Smutko

რუსეთის მაღალჩინოსნები ეხმაურებიან ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სიტყვებს, რომ "რუსები იხოცებიან" და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისთვის არის ვაშინგტონის მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფული.

ვიდეოში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პრესამსახურმა გაავრცელა, გრემი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრებოდა:

ზელენსკი: იყავი თავისუფალი ან მოკვდი.

გრემი: იყავი თავისუფალი ან მოკვდი.

ზელენსკი: ახლა თავისუფლები ვართ.

გრემი: დიახ.

ზელენსკი: და ვიქნებით.

გრემი: და რუსები იხოცებიან.

...

გრემი: ჩვენს მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფულია.

ვიდეოში რუსების დახოცვისა და საუკეთესოდ დახარჯულ ფულს შორის ჭრაა და რთული იყო თანმიმდევრობის დადგენა. როგორც შემდეგში გაირკვა, სიტყვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

რუსეთის მაღალჩინოსნები 28 მაისს ამ სიტყვებს გამოეხმაურნენ. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, "წარმოუდგენელია ქვეყნისთვის ასეთი სენატორების ყოლაზე დიდი სირცხვილი". რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა კი გრაჰამს "სულელი მოხუცი" უწოდა.

"სულელმა მოხუცმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს ფული რუსების წარმატებით ხოცვაზე უკეთ არ დაუხარჯავს... ეს არ უნდა ექნა". – თქვა მედვედევმა. 

გრემმა საკითხთან დაკავშირებით წერილობით უპასუხა Reuters-ს.

"როგორც ყოველთვის, რუსეთის პროპაგანდის მანქანა მძლავრად მუშაობს". – თქვა სენატორმა მედვედევის სიტყვებთან დაკავშირებით. 

გრემის პასუხის მიხედვით, მან ზელენსკისთან აღნიშნა, რომ "კარგია უკრაინელების მიერ ამერიკული სლოგანის, "იცოცხლე თავისუფლად ან მოკვდი, მიღება. უკრაინისთვის რუსი კრიმინალებისგან გათავისუფლება აშშ-ს საუკეთესო ინვესტიციაა".

"ბატონო მედვედევ, თუ გსურთ, რომ რუსები უკრაინაშ აღარ იხოცებოდნენ, გამოიყვანეთ ჯარი. შეაჩერეთ თავდასხმა. შეაჩერეთ ომის დანაშაულები. სიმართლე ისაა, რომ თქვენ და თქვენ პრეზიდენტ პუტინს რუსი სამხედროები ოდნავადაც არ გადარდებთ". – დაამატა გრემმა.

კიევში 26 მაისს გამართულ შეხვედრაზე გრემმა ასევე ტაივანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ახსენა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში, რათა ეს ჩინეთისთვის გაკვეთილად იქცეს.

კომენტარები