რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ელჩი ბრიტანეთში: მოსკოვი ჯერ სერიოზულ მოქმედებაზე არ გადასულა

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინი
REUTERS

რუსეთის ელჩის დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინის თქმით, რუსეთს "უზარმაზარი რესურსები" აქვს და ის ჯერ "ძალიან სერიოზულ" ქმედებებზე არ გადასულა. ამის შესახებ კელინმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა

კელინი ამას ამტკიცებს იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და რუსეთის სამხედრო დანაშაულის არაერთი მტკიცებულება არსებობს.

BBC-ის ინტერვიუში რუსეთის ქმედებებზე ჟურნალისტ ლორა კუნსბერგის დასმულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, კელინმა მიანიშნა, რომ კითხვა მას შეურაცხყოფდა. კელინმა ასევე აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა "ახალ განზომილებაში" გადავიდეს.

"რუსეთი ჯერ არ გადასულა ძალიან სერიოზულ მოქმედებაზე. რუსეთი 16-ჯერ აღემატება უკრაინას. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსები". - აღნიშნავს კელინი. 

კელინის განმარტებით, კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია NATO-ს ქვეყნების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მიერ ომის ესკალაციის ძალისხმევაზე. 

"ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ამ ესკალაციამ შეიძლება მიიღოს ახალი განზომილება, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და გვსურს. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე შევრიგდეთ". - თქვა კელინმა.

კელინის ინტერვიუ გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რომ "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა საპირისპირო შედეგები გამოიღო. მან ასევე შეაქო უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერე. მისი თქმით, მათ მოქმედებების გაანალიზების უნარი აქვთ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ როგორც საბჭოთა, ისე NATO-ს სისტემების გამოყენება.

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა რუსეთის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც. 

პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" და "დემილიტარიზაციამ" უკუშედეგი გამოიღო

კომენტარები