ბელგოროდის ოლქი

პოდოლიაკი: უკრაინა ბელგოროდის მოვლენებს თვალს ადევნებს, პირდაპირი კავშირი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი
REUTERS/Anna Voitenko

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა აკვირდება ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, მასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. 

"ერთადერთი მოტივირებული პოლიტიკური ძალა მოშვებულ ჭანჭიკებზე მდგარ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ყოველთვის იქცევა შეიარაღებულ პარტიზანულ მოძრაობად.

უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა მასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული". - წერს პოდოლიაკი.

გარდა ამისა, პოდოლიაკი წერს, რომ "ტანკები იყიდება რუსეთის ნებისმიერ სამხედრო ბაზარზე, მიწისქვეშა პარტიზანული დანაყოფები კი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება".

პოდოლიაკი ამ სიტყვებით დასცინის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 2014 წლის მარტში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ყირიმის ანექსიას ეხებოდა. მაშინ პუტინი ე.წ. მწვანე კაცუნებზე, ანუ უემბლემო რუს სამხედროებზე, რომლებმაც ყირიმზე კონტროლი დაამყარეს, ამბობდა, რომ ისინი "ადგილობრივი თავდაცვის ძალები" იყვნენ. ხოლო როცა ჰკითხეს, რატომ ეცვათ მათ რუსული ფორმის მსგავსი სამოსი, პუტინმა უპასუხა, რომ მიემართათ ნებისმიერი სამხედრო მაღაზიისთვის, რომელშიც მსგავს ფორმებს ჰყიდდნენ.

"პოსტსაბჭოთა სივრცე სავსეა ფორმებით, რომლებიც მსგავსია. წადით მაღაზიაში, ჩვენთან, ნებისმიერ ფორმას იყიდით. ეს ადგილობრივი თავდაცვის ძალები იყო". - თქვა პუტინმა.


22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი თავისუფალი რუსეთი აცხადებს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

რუსული მხარე მათ ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეღწევის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები