ანდრეი მედვედევი

ყოფილ ვაგნერელს, რომელიც იანვარში რუსეთიდან ნორვეგიაში გაიქცა, სამშობლოში დაბრუნება სურს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილ მაღალი რანგის წევრს, ანდრეი მედვედევს, რომელიც იანვარში რუსეთიდან ნორვეგიაში გაიქცა, სამშობლოში დაბრუნება სურს. ამ გადაწყვეტილებაზე მედვედევი YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში საუბრობს.

ანდრეი მედვედევის თქმით, მას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს დიდ თამაშში გაჭედილი პატარა ბიჭია და ამ თამაშს სურვილის მიუხედავად, ვეღარ ტოვებს.

"ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მზად ვარ რუსეთის ფედერაციაში დასაბრუნებლად. დახმარებისთვის რუსეთის საელჩოს ოსლოში დავუკავშირდი, რათა ჩემი დაბრუნება შესაძლებელი გახდეს... იმედი მქონდა, რომ აქ სიმშვიდეს ვიპოვიდი, მთელი პოლიტიკა, ომი, ჯარი წარსულში დარჩებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ვერ მოვახერხე. ვნახოთ, რა მოხდება რუსეთში. თუ მომკლავენ, დაე, ასე იყოს. თუ არა, თუ ვიცოცხლებ, დიდად მადლობელი დავრჩები". - ამბობს მედვედევი ვიდეოში და აკონკრეტებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 


რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მაღალი რანგის ყოფილი მებრძოლი, ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში რუსეთიდან თავშესაფრის მისაღებად გადავიდა, ნორვეგიის პოლიციამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.

მედვედევის თქმით, მან დაკავებას თავი ათჯერ აარიდა და რუსი მესაზღვრეების ტყვიების აცილებაც შეძლო. მან საზღვარი გაყინული ტბის მეშვეობით გადაკვეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში 6 დღე ყოფნის შემდეგ, აღარ სურდა დაბრუნება, რადგან ნახა, რომ სამხედროებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ.

აპრილში მედვედევი ოსლოს ბარში ჩხუბისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის გაასამართლეს. 

26 წლის მედვედევი, რომელიც აქამდე რუსეთის ჯარში მსახურობდა, ვაგნერს მოხალისედ შეუერთდა. კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა და უკრაინაში დაახლოებით 10 დღეში გაგზავნეს. ის ბახმუტში, დონეცკის რეგიონში იბრძოდა. მედვედევის თქმით, ის ანგარიშებს პირდაპირ ჯგუფის დამფუძნებლებს, ევგენი პრიგოჟინსა და დმიტრი უტკინს აბარებდა.

ყოფილი ვაგნერელი პრიგოჟინს "ეშმაკს" უწოდებს და ამბობს, ის რომ რუსი გმირი ყოფილიყო, იარაღს აიღებდა და ჯარისკაცებთან ერთად ირბენდა.

კომენტარები