დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვ.კმ.-ს ფარგლებში

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ნაბიჯი წინ გადაიდგა. 14 მაისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

"სამი დღის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, ხაზი გავუსვით, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას აღიარებს 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში". – თქვა ფაშინიანმა.

ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგები საერთაშორისო მისია.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. 

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები