რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაია კალასი: რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან

კაია კალასი
Leon Neal/Getty Images

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა POLITICO-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ისევე უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან. 

მისივე თქმით, ომი დასრულდება, როდესაც რუსული ჯარები უკან დაიხევენ.

"ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ". – თქვა კალასმა.

ამასთანავე, ესტონეთის ლიდერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და "რუსეთს გადასცენ გზავნილი, რომ ვერ გაიმარჯვებენ და უკრაინელების სულისკვეთების ვერ ჩაკლავენ".

კალასმა ასევე ისაუბრა ჩინეთის როლზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.

"აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის ბუნდოვანებად ქცევა არავის ინტერესში არ შედის, მაგრამ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით". – აღნიშნა კალასმა. 

კომენტარები