საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა, მედიაკოალიცია აღდგენისკენ მოუწოდებს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია ფორმულას გადამღები ჯგუფისთვის, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძისა და ოპერატორ თედო ქვაჩახიასთვის  პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი  მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს". – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართულ ოცნებას, პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, ამასთან აღადგინონ ჟურნალისტების შეჩერებული სამუშაო აკრედიტაცია.

ფორმულას ცნობით, პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ჟურნალისტებს აკრედიტაციას შეუჩერებს.

კომენტარები