რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდების გამო სამხრეთ აფრიკამ აშშ-ს ელჩი დაიბარა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესაუბრება სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, კირილ რამაფოსას რუსეთ-აფრიკის სამიტზე სოჭში, 2019 წლის 24 ოქტომბერი 
Sergei Chirikov/Pool Photo via AP

სამხრეთ აფრიკამ აშშ-ს ელჩი მას შემდეგ გამოიძახა, რაც დიპლომატმა თქვა, რომ გასული წლის დეკემბერში კეიპტაუნში რუსული გემი იარაღითა და საბრძოლო მასალის იყო დატვირთული.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კლეისონ მონიელამ აღნიშნა, რომ "ელჩის გუშინდელი შენიშვნები დემარში იყო". 

მონიელას თქმით, სამინისტრო შეხვედრის შემდეგ დეტალურ განცხადებებს გაავრცელებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნალედი პანდორი დღესვე გაესაუბრება ამერიკელ კოლეგას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

აშშ-ის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, რუბერ ბრიგეტმა მთავრობა 2022 წლის ბოლოს რუსეთისთვის სატვირთო გემით იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა

ეჭვს აღრმავებს სატვირთო გემის - Lady R-ის გაჩერების ადგილიც - ჩვეულებრივ, სატვირთო გემები კეიპტაუნის სამოქალაქო ნავსადგურში ჩერდებიან. ამჯერად კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის საიმონის საზღვაო ბაზაზე დაყოვნდა. ელჩის თქმით, სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღების საკითხი უკიდურესად სერიოზულია და მისი აზრით, ეს პრობლემა ჯერჯერობით გადაჭრილი არ არის. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლმა სატვირთო გემი Lady R-ი სანქციების სიაში 2022 წლის მაისში დაამატა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემების მსგავსად, სანქციები მასაც, იარაღის სავარაუდო გადაზიდვის გამო შეეხო.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ამ ბრალდებების დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მთავრობა ამ საკითხის დამოუკიდებლად გამოძიებას გეგმავს.

კომენტარები