დონალდ ტრამპი

სასამართლომ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლი დონალდ ტრამპს 30 წლის წინ გაუპატიურების გამო უჩივის. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების პროცესზე მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ საქმე საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად წამოიწყო.

“აქ ვარ იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც ამის შესახებ დავწერე, მან იცრუა და თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან იცრუა და შეარყია ჩემი რეპუტაცია. აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და ცხოვრება დავიბრუნო”. - ამბობს ქეროლი.

მწერალმა დასძინა, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემდეგ, ვერ შეძლო რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება.

ქეროლი ამტკიცებს, რომ ტრამპი მას მანჰეტენის უნივერმაღში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში მიუახლოვდა, ფლირტისთვის დამახასიათებელი ხუმრობებით გამოელაპარაკა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ხუმრობა მალევე დასრულდა, როდესაც ტრამპმა ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა და გასახდელში გაჰყვა. შესვლისთანავე, ტრამპმა კარი დახურა, ქეროლი კედელთან მიიმწყვდია და გააუპატიურა.

კომენტარები