ცესკო

საია და ISFED-ი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ინიციატივას აკრიტიკებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სამართლიანი არჩევნისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცენტრალური საარჩევნო კომისიისა თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალი წესის ინიციატივას აკრიტიკებენ. ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.

ISFED-ი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც, ამასთანავე, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

საია-ს პოზიციით, ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით ქართული ოცნება უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს  და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება.

"მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

ამჟამად ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი 6 თვით მესამედაა არჩეული. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით პირველად 6 თვით აირჩია.

2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

კომენტარები