ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად 500 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის თავდაცვის სისტემას უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების უკეთ მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთანავე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ დაფინანსების ზრდა მიზნად ევროკავშირის წარმოების შესაძლებლობების გაზრდას და საბრძოლო მასალისა და რაკეტების, ასევე მათი კომპონენტების ამჟამინდელი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.
"ეს უკრაინისთვის თავისი მოქალაქეების დასაცავად მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას შეუწყობს ხელს და ასევე გააძლიერებს ჩვენს ევროპულ თავდაცვის შესაძლებლობებს. წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ დამატებით 1 მილიარდ ევროს მობილიზებას, რათა გავაძლიეროთ შესაძლებლობები მთელ ევროპაში. ეს არის ევროპის სტრატეგიული შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიცვას თავისი ინტერესები და ღირებულებები და დაეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებას ჩვენს კონტინენტზე". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





