პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადების პასუხად ამბობს, რომ მთავარი კითხვა რაც რიტორიკულად რეჟიმს უნდა დავუსვათ, არის "რანაირად ჯდება სიფრთხილესა და უცხო ქვეყნის გავლენის არ გავრცელების სტრატეგიაში, ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით - ივანიშვილის რეჟიმის ხელდასხმით, აიათოლების ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელება".
"მორიგ ჯერზე მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლისგან, რომ ამერიკის და დასავლეთის ჯაშუშებად გვთვლის ყველას, ვინც მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან - ეს ახალი არ არის. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს გავლენისა და დღის წესრიგს თავსმოხვევა საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, უცხო ქვეყნის დღის წესრიგის თავსმოხვევა ქვეყნის შიგნით, არის სუვერენიტეტის შელახვაო და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დიდი ბიჭების დაპირისპირებაში არ გავიჭყლიტოთო.
მთავარი კითხვა, რაც უნდა დავუსვათ რიტორიკულად ამ რეჟიმს, რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის შემდეგი: რანაირად ჯდება ამ ლოგიკაში - სიფრთხილესა და უცხო ქვეყნის გავლენის არ გავრცელების სტრატეგიაში, ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ივანიშვილის რეჟიმის ხელდასხმით, აიათოლების ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელება ალ მუსტაფას უნივერსიტეტიდან დაწყებული, ყველა სხვა ქსელით ჰამასისა და ჰესბოლას მიმდევრებით და მაისურებით, ბანერებით სულეიმანის და ჰამენეის, და პირდაპირი გზავნილით, ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეების ნაწილისგან, რომ ისინი ემორჩილებიან უცხო ქვეყნის - ირანის აიათოლების რეჟიმს: "აიათოლა, ყველა შენ ბრძანებას შევასრულებთ", ანუ, პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართული სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ კი არ არიან ლოიალურები, არამედ უცხო ქვეყნის, თან როგორი ქვეყნის - აიათოლების ირანის რეჟიმის მიმართ არიან დაქვემდებარებულები.
ამიტომ, ჩვენ ფედერალისტები და ალიანსი, უახლოეს დღეებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინებთ და საზოგადოების წინაშე წარვდგებით პრეზენტაციით, თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამ ქსელის სახით". - განაცხადა ბოკერიამ.
10 ივნისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ალიანსის განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ გზავნილებს, "რომელიც არა ჩვენი ქვეყნის და ხალხის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესრიგს ემსახურება".
პაპუაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ რუსეთის და ირანის მოკავშირე სახელმწიფოდ რეგიონში, რაც პაპუაშვილის მტკიცებით, "ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი".
9 ივნისს ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს.





