ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" Google-ი დატოვა და ამბობს, რომ ნამუშევარს ნანობს

Chloe Ellingson for The New York Times

ბრიტანელ-ამერიკელმა კოგნიტიურმა ფსიქოლოგმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა, ხელოვნური ინტელექტის "ნათლიად" მიჩნეულმა, 75 წლის ჯეფრი ჰინტონმა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შეშფოთების გამო Google-ი დატოვა

The New York Times-თან ინტერვიუში ჰინტონი ამბობს, რომ მან დატოვა თავისი სამსახური, რათა შესაძლებლობა მისცემოდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ თავისუფლად ელაპარაკა. ჰინტონმა დასძინა, რომ გულის სიღრმეში ნანობს საკუთარ ცხოვრებისეულ შრომას.

"თავს მარტივი მიზეზით ვიმშვიდებ: რომ არა მე, ამას სხვა გააკეთებდა". - ამბობს მეცნიერი.

ჰინტონი, რომლის მიერ 2012 წელს, ორ სტუდენტთან ერთად შექმნილმა სისტემამ დასაბამი მისცა ისეთი მძლავრი ტექნოლოგიების შექმნას როგორიცაა ChatGPT და Google Bard, შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზარს შეცვლის, უფრო მოგვიანებით კი, შესაძლოა საფრთხე გახდეს კაცობრიობისთვის.

"Google-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართ პასუხისმგებლობიანი მიდგომის ერთგული რჩება". - წერს კომპანიის უფროსი მეცნიერი, ჯეფ დინი გავრცელებულ განცხადებაში. - "ჩვენ უწყვეტად ვსწავლობთ და ვიაზრებთ გაჩენილ რისკებს, თუმცა თამამად ვნერგავთ სიახლეებსაც".


2022 წლის ბოლოდან OpenAI-ის ChatGPT-ის ექსპონენციურმა ზრდამ შეაშფოთა როგორც პოლიტიკოსები, ასევე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები. მათ ეშინიათ არარეგულირებადი, შეუმოწმებელი ტექნოლოგიის აფეთქების, რომელიც მასშტაბური დეზინფორმაციისა და სიძულვილის შემცველი, არასწორი ან მიკერძოებული შინაარსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

მარტში, AI-ზე ორიენტირებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Future of Life Institute-მა (FLI) გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის დიდი ოსტატები - მათ შორის SpaceX, Tesla და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი. ისინი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს ექვსთვიანი პაუზისკენ მოუწოდებდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის 19-მა ყოფილმა და მოქმედმა ლიდერმა, მათ შორის Microsoft-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, ერიკ ჰორვიცმა, ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამაფრთხილებელი წერილი გაავრცელა.

კომენტარები